აშშ-მა “ტრამპის ოქროს ბარათის” პროგრამა აამოქმედა
- ₾ GEL
- $ USD
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაიწყო ახალი სავიზო ინიციატივის – „ტრამპის ოქროს ბარათის“ (Trump Gold Card) პროგრამის განხორციელება. აღნიშნული პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული ფინანსური შენატანის სანაცვლოდ, შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლებას გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურით სთავაზობს.
სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – Trumpcard.gov – დაინტერესებულ პირებს განაცხადის დაჩქარებული განხილვისთვის შეუძლიათ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს 15 000 დოლარის ოდენობის საფასური გადაუხადონ.
პროცედურის დასრულების შემდეგ, ვიზის მისაღებად, განმცხადებელმა დამატებით 1 მილიონი დოლარის „შემოწირულობა“ უნდა გადაიხადოს, რომელსაც პლატფორმა „საჩუქრის“ სახელით მოიხსენიებს. ეს სტატუსი პრაქტიკულად „მწვანე ბარათის“ ანალოგიურია და მფლობელს აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს.
დონალდ ტრამპმა „ოქროს ბარათის“ იდეა პირველად წლის დასაწყისში გააჟღერა. თებერვალში მან განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკული ვიზის მიღება 5 მლნ დოლარად შეეძლებოდათ. პროგრამის საბოლოო ვარიანტში ეს თანხა „ოქროს ბარათის“ პლატინის ვერსიას ეხება, რომელიც მფლობელს ერთ ვიზიტზე ამერიკაში 270 დღის გატარების საშუალებას აძლევს, უცხოური შემოსავლის დაბეგვრის გარეშე.
“პრინციპში, ეს იგივე “მწვანე ბარათია”, ოღონდ ბევრად უკეთესი. ბევრად უფრო მძლავრი და ძლიერი გზა. ასეთი გზის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესენი შესანიშნავი ხალხი უნდა იყვნენ”, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის თქმით, წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე „ოქროს ბარათის“ პროგრამაში უკვე დაახლოებით 10 000 ადამიანია დარეგისტრირებული და მათი რაოდენობის ზრდა მომავალშიც არის მოსალოდნელი.
“ველოდები, რომ დროთა განმავლობაში ათასობით ასეთ ბარათს გავყიდით და მილიარდობით დოლარს მოვიზიდავთ”, – განაცხადა ლუტნიკმა Reuters-თან მოკლე ინტერვიუში.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა აშშ-ში ისეთ ადამიანებს მიიზიდავს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანენ. ლუტნიკმა ისინი ჩვეულებრივ „მწვანე ბარათის“ მფლობელებს შეადარა და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ამ ჯგუფის შემოსავალი საშუალო ამერიკელზე ნაკლებია და ისინი უფრო ხშირად იყენებენ სახელმწიფო სოციალურ დახმარებებს.
ტრამპის ადმინისტრაცია ამავდროულად ახორციელებს მკაცრ იმიგრაციულ პოლიტიკას, რაც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ასობით ათასი ადამიანის დეპორტაციასა და ლეგალური იმიგრაციის შეზღუდვას მოიცავს.
„ოქროს ბარათის“ პროგრამა ამ პოლიტიკის ერთგვარ დაბალანსებად განიხილება. მისი მიზანია აშშ-ის ბიუჯეტისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა, ისევე როგორც, ტრამპის თქმით, წარმატებით მოახერხა მისმა სატარიფო პოლიტიკამ.
ლუტნიკის ინფორმაციით, პროგრამას კორპორაციული ვარიანტიც აქვს. ამ მოდელის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლებისთვის დაჩქარებული ვიზების მიღება, თითოეულ დასაქმებულზე 2 მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ.


