სიახლე „მწვანე ბარათის ლატარიის” თარიღებზე
- ₾ GEL
- $ USD
როგორც ცნობილია, მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Program), აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის (Green Card) მიღების შესაძლებლობაა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. გათამაშება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, გადაიდო. აქამდე განიხილებოდა ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2027 წლის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების რეგისტრაცია მთავრობის ე.წ. „შათდაუნის“ გამო ვერ გახსნა, თუმცა მოგვიანებით, დეპარტამენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გადადების მიზეზი დაკავშირებულია პროგრამაში მონაწილეობის წესების განახლებასა და ცვლილებებთან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობას ცვლილებები შეაქვს მწვანე ბარათის მიღების პროცესში.
“ჩვენ რაც შეიძლება მალე გამოვაცხადებთ DV-2027-სთვის სარეგისტრაციო პერიოდის დაწყების თარიღს, ასევე თარიღს, როდესაც DV-2027-ის შერჩევის შედეგები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს.
ეს ცვლილებები გავლენას არ მოახდენს გათამაშების მომავალი გამარჯვებულებისთვის ვიზაზე განაცხადის პერიოდზე, რომელიც 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე შენარჩუნდება”, – წერს სახდეპი.
მათივე ცნობით, გათამაშების დაწყების თარიღი, პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოცხადდება.



მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, იგივე მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Program), კონგრესის ინიციატივით 1990 წელს დაიწყო. პროგრამა ყოველწლიურად უზრუნველყოფს 55 000 ვიზის გაცემას.
აპლიკანტებმა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილონ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები — მათ შორის, საშუალო სკოლის განათლება ან მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
DV პროგრამის 2026 წლის ციკლში არ მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი (კონტინენტური ნაწილი და ჰონგ-კონგი), კოლუმბია, კუბა, დომინიკის რესპუბლიკა, სალვადორი, ჰაიტი, ჰონდურასი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ვენესუელა და ვიეტნამი.
2025 წლის აგვისტოდან მწვანე ბარათის გათამაშებაზე რეგისტრაცია ფასიანი გახდა — განაცხადის წარდგენა ახლა 1 აშშ დოლარად განისაზღვრა.